ბიძინა ივანიშვილი – ანდერს ფოგ რასმუსენი დავარწმუნე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უკეთესი იქნება

ბიძინა ივანიშვილი – ანდერს ფოგ რასმუსენი დავარწმუნე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უკეთესი იქნება

საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახონ ახალი ხელისუფლების რეალური სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების "გაცილებით უკეთ" ჩატარებაში ალიანსის გენერალური მდივანი დაარწმუნა.

"როგორც იცით, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე შეხვედრაა, რომელიც საქართველოში იმართება. ასეთი შეხვედრები ამტკიცებს იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ნატო-ს წევრები იჩენენ საქართველოსთან მიმართებაში. თავის მხრივ, საქართველოც თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ამ ძალიან ღირსეული ალიანსის წევრი. გვქონდა საინტერესო საუბარი, რისთვისაც ალიანსის გენერალურ მდივანს მინდა მადლობა გადავუხადო. შევეხეთ რამდენიმე ეტაპს, ვისაუბრეთ განვლილ პერიოდსა და მომავალზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები. განვლილ ეტაპზე საუბრისას, პირადად მე აქცენტი გავაკეთე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე და აღვნიშნე, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. განვაცხადე, რომ ძალიან თანმიმდევრულია ჩვენი ქმედებები არჩევნების შემდგომ პერიოდში დემოკრატიული ინსიტუტების მშენებელობის კუთხით, რაც ასე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი. გენერალური მდივანი დავარწმუნე და აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი და ევროპული ტიპის იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს ახალი ხელისუფლების საბოლოო სახე. ეს გარწმუნებთ, გაგვიიოლებს ნატოსკენ წინსვლას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო.

"აღვნიშნეთ, რომ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით წარმატებული ნაბიჯები მისასალმებელია, შეშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რაც ხდება კონფლიქტისპირა სოფლებში- მიმდინარეობს მავთულხლართების გაბმა. დღემდე ვერ ამიხსნია და გენერალურ მდივანთანაც გამოვთქვი გაკვირვება, რომ პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად ასეთი ქმედებები გაუგებარია. მითუმეტეს, რომ ის თვითონ რუსეთისთვისაც არ არის დამატებითი პლუსების მომტანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე განმარტა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს ახალი მთავრობის პრინციპულ და თანმიმდევრულ პოლიტიკაშიც დაარწმუნა, რომელსაც იმ დონემდე მიიყვანს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელი არ შეუშალოს.

გარდა ამისა, პრემიერმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგაც ქართველი სამხედროები იქ სამსახურს გააგრძელებენ.
"2014 წლის შემდეგ ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ასევე ტვირთების გამოტანასა თუ ჯარისკაცების გამოყვანის პროცესში", - დასძინა ივანიშვილმა.