უმცირესობა სამი თანამდებობის პირისთვის იარაღის ტარების უფლების შენარჩუნებას ითხოვს

უმცირესობა სამი თანამდებობის პირისთვის იარაღის ტარების უფლების შენარჩუნებას ითხოვს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და გენერალურ აუდიტორს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შესაძლოა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც შეუნარჩუნდეთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი უმცირესობის წევრის, პაატა ლეჟავას საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს. 

"იარაღის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი ფართოვდება, რომელთაც თანამდებობრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ იაღარის ტარების უფლება უნარჩუნდებათ, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ამავე პროექტის ფარგლებში, პაატა ლეჟავა კანონმდებლებს სთავაზობს, რომ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიენიჭოს, რის უფლებასაც მას დღეს კანონი არ აძლევს და ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტზეც გავრცელდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

"კანონპროექტის მიზანია არათანაბარი მიდგომის აღმოფხვრა, რომელიც ცალკეულ თანამდებობის პირთა მიმართ არსებობს", - განმარტავს ინიციატივის ავტორი.