ნუგზარ წიკლაურს აინტერესებს, რატომ ინიშნებიან

ნუგზარ წიკლაურს აინტერესებს, რატომ ინიშნებიან "ჯალათები თანანმდებობებზე"

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, სამეგრელოში რამდენიმე ადამიანმა ის პირები დაასახელა, ვინც წამების ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს. როგორც წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა, ვიდეოფირებში მათი ამოცნობა ამ მასალების ნახვის სიხშირემ განაპირობა. 

"თუ ეს არის პოლიტიკური მიზანი, ეს ხელისუფლების დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება წამების ამსახველ ფაქტებს, ამ ფაქტებს გამჭვირვალე გამოძიებით სათანადო პასუხი უნდა გავცეთ. არ ვცდილობ, რომ იმ მძიმე პასუხიმგებლობას გავექცე, რომელიც ამ კადრების შემდეგ გამიჩნდა. თუმცა, რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, როცა ამ კადრების ტირაჟირება ხდება?! წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო მასალების მნახველთა რიცხვი იმდენად გაზრდილია, რომ სამეგრელოში, რამდენიმე ადამიანმა ის პირები დამისახელეს, ვინც ამ კადრებში არის აღბეჭდილი. თუ ეს არის პოლიტიკური მიზანი, ეს ხელისუფლების დიდი შეცდომა იქნება. თუ ანგარიშსწორებას ავყვებით, ჯალათები თავის საქმიანობას გააგრძელებენ, რადგან მათ არაფერი ეძნელებათ, მითუმეტეს, როცა მხარდაჭერას ხედავენ. რატომ ნიშნავთ ჯალათებს თანანმდებობებზე?! წამებაში ბრალდებული სერგო ჩაჩიბაია რატომ დანიშნეთ თანამდებობაზე?! 26 მაისის აღლუმზე, ირაკლი ალასანიამ დიდი პატივით ჩამოართვა ხელი ჯალათ ბედუკაძეს და არ მინდა, რომ ის იყოს ხელისუფლების სახე!", - განაცხადა წიკლაურმა.