ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე საქართველოშია

ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც რასმუსენი თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტუმრებს აეროპორტში დახვდნენ სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატო-ში საქართველოს ელჩი გეგა მგალობლიშვილი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. სტუმრებს შორის არის ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. 

ნატო-ს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართავს. ამ მიზნით აეროპორტიდან ის სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაემგზავრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი და ბიძინა ივანიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღესვე ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ასევე სტუმრებისთვის რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.

ვიზიტის მეორე დღეს, ხვალ, 27 ივნისს კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას.

იმავე დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.

ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

27 ივნისს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან.

ამავე დღეს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნატო-ს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას დაესწრება, რომლებიც მომავალში ავღანეთში გაემგზავრებიან, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

დელეგაცია თბილისს 27 ივნისს დატოვებს.