ვალერი თელია:  უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

ვალერი თელია: უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერი თელიას თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ფაქტით სამართალდამცავი უწყება, ვალერი თელიამ განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს პროკურატურა გაარკვევს.

"როგორც მე ვარ ინფორმირებული აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და პროკურატურა გაარკვევს ყველაფერს", - აღნიშნა ვალერი თელიამ.

24 ივნისს უმაღლეს საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძესა და მოქალაქე დოდო (დიანა) დიასამიძეს შორის ინციდენტი მოხდა. დოდო დიასამიძე დეპუტატს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დიასამიძის თქმით, მედეა ვასაძემ მას ტელეფონი ზურგის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მედეა ვასაძე კი აღნიშნავს, რომ მოქალაქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.