დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და დავით ქოქიაშვილს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ

დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და დავით ქოქიაშვილს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და საქმის ახალ ფიგურანტს - დაკავებულ დავით ქოქიაშვილს ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, არ არის გამორიცხული ბრალის წარდგენა დღესაც მოხდეს. 

"ინტერპრესნიუსი" ოლეგ მელნიკოვის ადვოკატსაც დაუკავშირდა, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერჯერობით არ გააჩნია.
ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული ხელახალი გამოძიების ფარგლებში, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია 2006 წელს, შარდენის ცნობილი სუფრიდან სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების შემკვეთად დასახელდა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი კი, რომელიც ძებნილი იყო, დააკავეს და ამჟამად უკრაინის ციხეში იმყოფება, მისი ექსტრადირება კი, ამ დრომდე ვერ მოხერხდა, შარდენის სუფრის წევრი იყო. მელნიკოვი დანაშაულში მონაწილედ მოიაზრება.

რაც შეეხება დავით ქოქიაშვილს, იგი დღეს თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის გატაცებისა და ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის მონაწილეობისთვის დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქოქიაშვილი დანაშაულის კიდევ ერთი, მეხუთე მონაწილეა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში უკანასკნელ პერიოდამდე დაფარული იყო საზოგადოებისათვის. დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2006 წლის 30 სექტემბრიდან იგი მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე დავით ქოქიაშვილმა 2011 წლის სექტემბრამდე დაჰყო. 2011 წლის სექტემბრიდან "კუდ"-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად, საიდანაც დაითხოვეს.