გოკა გაბაშვილი:  წამების შემთხვევებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ

გოკა გაბაშვილი: წამების შემთხვევებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის გოკა გაბაშვილის განცხადებით, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ. 

აღნიშნული განცხადება გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მანვე დანაშაულში მონაწილე ყველა ადამიანის გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა, "მიუხედავად მათი თანამდებობებისა, სახელისა და გვარისა".

"დღეს ყველა თემა არარელევანტურია იმ საშინელი დანაშაულების გამო, რომელიც საზოგადოებისთვის წინა კვირას გახდა ცნობილი. ეს არის იმდენად საშინელი, იმდენად ამაზრზენი დანაშაული - წამება და არაადამიანული მოპყრობა, ყოველგვარი ინსინუაციების, პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მსგავს დანაშაულში მონაწილეობდა, ყველა, ვინც ორგანიზებას უწევდა ასეთ დანაშაულს და ყველა, თუკი გამოვლინდა, რომ იცოდა და არ ამხელდა, უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. არ მგონია, არსებობდეს ნორმალური, ჯანსაღი, ფსიქიურად დალაგებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ვინმეს შეიძლება ეს დანაშაული ეპატიოს" - განაცხადა გაბაშვილმა დღევანდელ სესიაზე.

დეპუტატმა გუნდის სახელით აღნიშნა - "სრულ პოლიტიკურ გარანტიას აძლევს მთავრობას, რომ ყველა დამნაშავის გამოვლენასა და დასჯაში თანამონაწილეები იქნებიან".

"უფრო მეტიც, ჩვენ გამოვთქვით სურვილი, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა საკითხის ფუნდამენტური შესწავლა მოხდეს და პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. რაც საქართველოს 21-ე საუკუნებში არ ეკადრებოდა, უნდა გამოვლინდეს, დადგენილი მომხდარის წინაპირობები და ყველა ასეთი შემთხვევის განმეორება გამოირიცხოს მომავალში", - განაცხადა გაბაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიდან ვერც ერთი არგუმენტით მომხდარზე პოლიტიკურ პასუხიმგებლობას ვერ აიცილებენ.

"ის, რომ შენ ხარ ხელისუფლებაში, შენი ვალდებულებაა, ასეთი დანაშაული არ ხდებობდეს. ჩვენ გვეგონა, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები, რომლებიც ტოტალურად ახასიათებდა საქართველოს, აღმოვფხვერით, არის ჩვენი შეცდომა და ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა" - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.