აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტები

აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტები "თალიბანთან" მოლაპარაკებებთან მზად არიან

აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს "თალიბანთან" მოლაპარაკების გამართვის მზაობა, მიუხედავად გუშინ ქაბულში განხორციელებული თავდასხმისა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ინციდენტიდან ცოტა ხანში ვიდეოკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ ეროვნული შერიგების პროცესში ინიციატივა ავღანურ მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ქაბულის წარმომადგენლები "თალიბანთან" პირდაპირ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთნონ.

25 ივნისს ქაბულში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ იერიში მიიტანა პრეზიდენტის სასახლესა და მასთან ახლოს მდებარე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს შენობაზე. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სასახლეში იმყოფებოდა და პრესკონფერენციისთვის ემზადებოდა. შემთხვევის შედეგად სამი თავდამსხმელი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო.