"პრემიერები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი შეწყვეტისა და ტერორიზმთან ბრძოლაში კონსულტაციები უნდა გაძლიერდეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი შეწყვეტისა და ტერორიზმთან ბრძოლაში კონსულტაციები უნდა გაძლიერდეს.

როგორც "პირWელს" ისრაელის პრემიერის ოფისიდან აცნობეს, ნეთანიაჰუმ ივანიშვილის ვიზიტის დროს გამოხატა პატივისცემა ორ ქვეყანასა და ერს შორის ბრწყინვალე ურთოიერთობისა და საქართველოში ებრაელების 26 საუკუნოვანი ისტორიის მიმართ.

ნეთანიაჰუს თქმით, ქართველ ებრაელებს ორი ერის ისტორიული ურთიერთობის ჩამოყალიბების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით.

ოფისის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების სურვილი გამოხატეს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის უნდა გაძლიერდეს კონსულტაციები სამინისტროების, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დონეზე, რათა დაცული იქნას საერთო ინტერესები, მათ შორის უზრუნვეყოფილ იქნას კონფლიქტების მშვიდობიანი შეწყვეტა და რეგიონული სტაბლილურობა, მასობრივი განადგურების იარაღის თავიდან აცილება და ტერორიზმთან ბრძოლა.

ნეთანიაჰუსა და ივანიშვილის გადაწყვეტილებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარეები საქართველოს და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.

პრემიერ-მინისტრები სრულად ემხრობიან თანამშრომლობის გაზრდას საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სამომავლოდ, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრეს.