"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ წევრს ზაზა მეიშვილს ტვინი არ ეყო, რომ ბრიუსელში არ წასულიყო"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ წევრს ზაზა მეიშვილს ტვინი არ ეყო, რომ ბრიუსელში არ წასულიყო".

ასე გამოეხმაურა საგანელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრის ზაზა მეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში.

"ეს იყო პოლიტიკური თავყრილობა, სადაც იყვნენ რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არავინ სახელისუფლებო მხრიდან იქ არ იყო მიპატიჟებული. კარგი ამ მეიშვილს არ ეყო ტვინი და ვერ მიხვდა, რომ არ უნდა წასულიყო,  მაგრამ ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძეს როგორ არ ეყოთ პოლიტიკური გამოცდილება, რომ ასეთი რამე არ უნდა გააკეთონ. ან EPP თუ არის "სახალხო პარტია" და დემოკრატიისთვის და სასამართლოს თავისუფლებისთვის იბრძვის, ქვეყანაში პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, დაინახეს, რომ ეს კაცი ზის იქ და პარტიის სახელით საუბრობს იმაზე, რომ თურმე ამ პარტიას დევნიან, რომ ვდევნიდეთ, მეიშვილი ბრიუსელში კი არ იქნება, იქნება ვანო მერაბიშვილის გვერდით", - განაცხადა საგანელიძემ.