ალექსი პეტრიაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში მინისტრს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში მინისტრ ენდრიუ მურისონს შეხვდა. 

როგორც მთავრობის კანცელარიაში შეხვედრის შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან სტუმარს გააცნო საქართველოს გეგმები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მათ ძალიან გულახდილი საუბარი ჰქონდათ.

" სრული მხარდაჭერა გვაქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჩვენს მისწრაფებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმსჯელეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ვისაუბრეთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს დღეს საქართველოში, ისევე როგორც მომდევნო დღეებში დაგეგმილ კონფერენციას ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტიც შეაფასა. მისივე თქმით, საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს.

პეტრიაშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

მისივე თქმით, საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, ახორციელებს ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს და შეაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში ავღანეთში. ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს ვიზიტის დროს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არ არის.