გიგი უგულავა:

გიგი უგულავა: "ქართული ოცნების" მიერ საკრებულოს წევრების გადაბირება ევროპელ მეგობრებში შეშფოთებას იწვევს

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი ვითარება და "ქართული ოცნების" მიერ საკრებულოს წევრების გადაბირება ევროპელ მეგობრებში შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით გამართული კონფერენციის: ,,საით მიდის საქართველო?" დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც თბილისის მერი სიტყვით გამოვიდა.

"ძირითადი აქცენტი გავაკეთე თვითმმართველობის პრობლემებზე. 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 67 მოქმედი თვითმმართველობიდან 45-ში მოხდა სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით ცვლილება - საკრებულოს წევრების გადაბირება, რაც ბუნებრივ შეშფოთებას იწვევს ჩვენს ევროპელ მეგობრებში. ადგილობრივი თვითმმართველობა არის დემოკრატიის საფუძველი. დემოკრატიის ერთ-ერთი საზომია ის, რამდენად აქვს თვითმმართველობას საშუალება შეასრულოს თავისი ფუნქციები", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

"ჩვენ ერთობლივად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის წინ, რადგან ყოველი ასეთი შემთხვევა ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე", - განმარტა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას მომხსენებლის რანგში გიგი უგულავას გარდა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.