ნატო-ს

ნატო-ს "ფეისბუქის" გვერდი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ფოტოგალერეას აქვეყნებს

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ალიანსის "ფეისბუქის" გვერდი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ქრონოლოგიურ ფოტოგალერეას, სახელწოდებით - "საქართველოს ნატო-სთან პარტნიორობა ღრმავდება". 

ფოტოგალერეა 1992 წლით იწყება, როცა საქართველო ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა.

გალერეაში ასევე ქრონოლოგიურად აღწერილია საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის ის, რომ 1994 წელს საქართველო გახდა ნატო-ს "პარტნიორიობა მშვიდობისთვის" პროგრამის თანამონაწილე; 1997 წელს, საქართველო შეუერთდა ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს; 1999 წელს, ქართველმა სამხედროებმა კოსოვოში, ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციაში პირველად მიიღეს მონაწილეობა; 2002 წელს პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და ახალ პროგრამაში "ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში" მონაწილეობის მიღების თაობაზე სურვილი გამოთქვა.

ფოტოგალერეა 2012 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ნატო-ს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლით მთავრდება, როცა მან განაცხადა, რომ მისი მთავრობის მთავარი მიზანი ნატო-ს სრულფასოვანი წევრობაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს "ფეისბუქის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.