არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.
"ამ საკითხს აქვს ფორმალური და შინაარსობრივი მხარე. ფორმალურად, მთავარ პროკურორს აქვს უფლება, დანაშაულის ჩამდენი გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, ანუ, ამ მხრივ, პრობლემა არ დგას. რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა რამდენიმე არგუმენტი, მათ შორის ის, რომ ამ ადამიანის მიერ მოტანილი ვიდეომასალით შესაძლებელი გახდა მხილება არა კონკრეტულად იმ ეპიზოდებისა, არამედ მან უბიძგა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ფართო გამოძიების დაწყებას პენიტენციურ დაწესებულებებში", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ბედუკაძის ვიდეომასალამ დასაბამი მისცა არა მარტო ერთი კონკრეტული ფაქტის გამოძიებას, არამედ საზოგადოებას თვალი აუხილა და საშუალება მისცა დაენახა, რა ხდებოდა სისტემაში.

"მისი მეშვეობით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული, აღიკვეთა ის, რაც მომავალში ათასობით პატიმარს უქადდა იმავე ბედს, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ. ამასთანავე, ამ კაცმა ეს მასალა თავისი ნებით წარმოადგინა, თვითონ მოიტანა და გვაჩვენა ის დანაშაული, რომელშიც თვითონ მონაწილეობდა. ეს ადამიანი მოვალე იყო შეესრულებინა ის, რასაც სისტემა მოითხოვდა. კარანტინის ეპიზოდში დაკითხული პირები ამბობენ, რომ არ უნდოდათ პატიმრის ცემა, მაგრამ ასეთი წესი იყო. პენიტენციური დაწესებულებები იმართებოდა ამ მეთოდებით და ეს არ იყო ბედუკაძის შემოქმედება. ის იყო ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც სხვებისგან გასხვავებით, გარეთ გამოიტანა ეს ინფორმაცია, რითაც საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ოჯახი. მან ხომ არ იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მოვიდოდი პროკურორად და გავათავისუფლებდი. არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ასეთი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც გაიხიზნა", - აღნიშნავს მთავარი პროკურორი.

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის მეორეხარისხოვანი იყო, მოინანია თუ არა ბედუკაძემ დანაშაული.

"ზოგიერთმა პროკურორმა მითხრა, რომ არ მოსწონდათ მისი ქცევა პროცესზე, ქედმაღლურია და არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ინანიებს ჩადენილ ქმედებასო. კარანტინის სცენის მონაწილეზე კი მომიტანეს ამბავი, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს, ინანიებსო. გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორ ინანიებს ან არ ინანიებს დანაშაულს. მან შედეგი მოიტანა და დადო, ხოლო ის, ვინც ინანინებს, დღესაც იმავეს გააგრძელებდა, რომ არაფერი შეცვლილიყო. ანუ მონანიება არ არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი. მე მის მორალურ მხარეს არ განვსჯი, გამაღიზიანებელია თუ არა მისი დამოკიდებულება. ჩვენ შუამდგომლობაში ჩავწერეთ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად ამისა, ჩემთვის შედეგია მთავარი – მან მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა მსგავსი ხელყოფისგან სხვა პატიმრები. აი, ეს არის ის ხედვა, რაც მე ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დავუდე", - განმარტა არჩილ კბილაშვილმა.