დავით საგანელიძეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სურვილი აქვს

დავით საგანელიძეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სურვილი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის სურვილი აქვს. ამის შესახებ საგანელიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, თუმცა, აქვე განმარტა, რომ სურვილის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარს არ დაუჭერს.

"პირადად მე მართლა მაქვს დიდი სურვილი ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან დღევანდელი პარლამენტი ვერ ასახავს საზოგადოების განწყობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ასე ფართოდაა წარმოდგენილი პარლამენტში, ნამდვილად არ იმსახურებს ამას, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, მე ვიქნები წინააღმდეგი, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვადებში მოქცევას, კანონის დაცვას, კონსტიტუციის პატივისცემას, ამიტომ, გვინდა თუ არა, ეს პარლამენტი თავის ვადებში დაამთავრებს ფუნქციონირებას", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ამ კონტექსტში უმრავლესობის ლიდერმა ისიც განმარტა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივა "ქართული ოცნებისგან" არ წამოვა, თუმცა, მოვლენების სხვაგვარად განვითარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა. "ამაზე ჩვენგან ინიციატივა არ იქნება, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციის ყველა პუნქტს, თუმცა არაფერი არაა გამორიცხული, თუ საზოგადოების მითითება იქნება", - აღნიშნა მან.