არჩილ კბილაშვილი - მალე მიიღებთ პასუხს, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია

არჩილ კბილაშვილი - მალე მიიღებთ პასუხს, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია

მალე მიიღებთ პასუხს, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს. მთავარი პროკურორის განმარტებით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებულია, რომ ის წარმატებით დასრულდება.

"გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა – ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია. ამის გაცხადება ამჟამად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას – ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს", - აცხადებს კბილაშვილი.

გარდა ამისა, ინტერვიუში მთავარი პროკურორი სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესზეც საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შარდენ-ბარის სუფრის წევრებს, კერძოდ, თაკო სალაყაიას კუდ-ის თანამშრომლები სანდრო გირგვლიანის წამებას ასმენინებდნენ. კბილაშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმის მასალებში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.