გიორგი ხელაია - საკონსულო დაწესებულებებს უბრალოდ სტატუსი ეცვლებათ

გიორგი ხელაია - საკონსულო დაწესებულებებს უბრალოდ სტატუსი ეცვლებათ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოდესასა და დონეცკში საქართველოს საკონსულოებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც ქვეყნის პირველი პირის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაიამ განუცხადა, საკონსულო დაწესებულებების დახურვა არ განიხილება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც შეეხება საგარეო უწყების მიერ საკონსულო დაწესებულებების გაუქმებას. არანაირი საკონსულო დაწესებულებების დახურვასთან საქმე არ გვაქვს", - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

მისივე განმარტებით, საკონსულო დაწესებულებებს უბრალოდ სტატუსი ეცვლებათ და ისინი გენერალური საკონსულოებიდან ჩვეულებრივ საკონსულოდ გადაკეთდება. "ამაზე ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან შეთანხმებული ვართ და ეს ორმხრივ ურთიერთობებში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვეს. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საკონსულო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და მოაქალაქეებს საკონსულო მომსახურებების მიღებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ", - განაცხადა გიორგი ხელაიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, გენერალური კონსულების ქვეყნის პირველი პირის მიერ დანიშვნის პრეროგატივასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობის უცოდინრობაში ამხელს. "რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს უფლება დანიშნოს კონსულები და ამას თურმე წყვეტს პრეზიდენტი, ეს ელემენტარულად კანონმდებლობის უცოდინრობაა. პრეზიდენტს ამის არანაირი უფლება არ აქვს. ეს საგარეო უწყების პრეროგატივაა", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ხელაიამ ასევე სიცრუე უწოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის. "ესეც პრეზიდენტის მხრიდან გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.