გიორგი ვაშაძე: მზად ვარ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე

გიორგი ვაშაძე: მზად ვარ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში უმრავლესობის გუნდში ბევრი დეპუტატი შემთხვევით არის მოხვედრილი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ვიღაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

"ქვეყანაში ადამიანი არ მეგულება, ვისაც ხვალინდელი დღის შიში არ აქვს. არ ვიცით ვის დაიჭერენ და არც ის ვიცით სად იქნება ერთ წელიწადში ქვეყანა. ძალიან მინდა 26 მაისისა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. თუ ჩვენი გუნდიდან ვინმე რამენაირად ჩართული იყო ამ დანაშაულში, პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს, თუმცა მერაბიშვილის ციხეში ჯდომა ამ გამოძიების ბოლომდე სულაც არაა აუცილებელი. მერაბიშვილს გაქცევა რომ ნდომებოდა, აქამდეც გაიქცეოდა",- განაცხადა გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას გიორგი ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, პასუხიც უნდა აგოს და არ აქვს მნიშვნელობა ეს "ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება თუ "ქართული ოცნებიდან".

"ჩემი მიზანი გამოძიების მალე დასრულებაა. ზუსტად ამიტომ არ მოგვყვება ხელისფლება ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე- მას არ სურს დამნაშავეების პოვნა. მზად ვარ ბოლომდე ვიმუშაო და ბოლოს და ბოლოს, მზად ვარ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე. ჩემი თვითმიზანი პოლიტიკაში ყოფნა არ არის. პირადად მე გიორგი ვაშაძეს მინდა წერტილი დაესვას გირგვლიანის, რობაქიძის, 26 მაისის, ვიდეოკადრებს, წამების საქმეებს და ყველა დამნაშავე გამოვლინდეს. არ მაინტერესებს ჩვენს გუნდში ამის წინააღმდეგ ვინ წავა. ამ პარტიაში დღეს იმიტომ ვარ, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი სწორედ ამ აზრზეა. თუ დავინახავ, რომ მარტო აღმოვჩნდები, პარტიას იმავე დღეს დავტოვებ",- განმარტა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, აღმოჩენილი კადრები და ფირები ბოლო არ არის და ისინი გააქტიურებას სექტემბერში ელოდებიან.