"ყველაზე კრეატიულ რეჟისორსაც კი არ მოუვიდოდა აზრად იმის გადაღება, რაც ფარულ კადრებშია აღბეჭდილი"

თბილისის საკრებულოს წევრის ზურა (შონზო) გაჩეჩილაძის განცხადებით, "ყველაზე კრეატიულ რეჟისორსაც კი არ მოუვიდოდა აზრად იმის გადაღება, რაც ფარულ კადრებშია აღბეჭდილი".

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრისთვის სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების ჩვენების შემდეგ განაცხადა.

"კადრებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ კადრების არსებობა იცოდა და საერთოდ, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ინახავდა მას თავისთვის. იმ სფეროში მეტნაკლებად გამოცდილი ადამიანი ვარ, რასაც ტელევიზია, გადაღება ჰქვია. ყველაზე კრეატიულ სცენარისტს და რეჟისორსაც კი არ მოუვიდოდა აზრად იმის მოფიქრება, გადაღება და ეკრანზე ჩვენება, რაც ჩვენ ვნახეთ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ "შონზომ" თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.