რასმუსენი:  ალიანსს სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის საკითხი აღელვებს

რასმუსენი: ალიანსს სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის საკითხი აღელვებს

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოფელ დიცში, ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის გამო შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ალიანსს ეს საკითხი აღელვებს. "ძალიან გვაღელვებს მავთულხლართების გავლების საკითხი. ეს ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სრულიად მიუღებელია ჩვენთვის. მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებთ საქართველოში ვიზიტისას და დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - განაცხადა რასმუსენმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის კრიტიკულ პოზიციას, ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, ვერც რუსეთი და ვერც სხვა მესამე ქვეყანა ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"ნატოს ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია ალიანსში მოვიწვიოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყნები, თუ ისინი საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ შემოუერთდნენ ნატოს. ნატო და ნატოს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და აკმაყოფილებენ საჭირო კრიტერიუმებს, ასე რომ, რუსეთის გადასაწყვეტი არაა, ვინ გახდება ალიანსის წევრი", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ალიანსის გენერალური მდივანი თალიბების სახელით სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ ატვირთულ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის ყველაფერი კეთდება.

"ვიდეოების მოტივზე ვერაფერს გეტყვით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეთაურები ადგილზე ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცების, მათ შორის ქართველი სამხედროების უსაფრთხოება", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა მან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც სთხოვა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, რაზეც რასმუსენმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მსგავსი საქმეეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული არ იყოს.

"ჩვენ არ ვერევით სამართლებრივ პროცედურებში, მაგრამ გარკვევით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობამ უდავოდ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპს და უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი. რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმეები არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული, ეს მოქმედი მთავრობის ინტერესებშიც არ შედის", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.