"საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პრეზიდენტი დღეს უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ვილკულთან შეხვედრაზე გამოეხმაურა.

"წამყვანმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს პრობლემები. საქართველო გამოყვეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. მიმაჩნია, რომ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს ახლა, რომ გამოვასწოროთ ეს. უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ცუდი და საშიში გაფრთხილება. ეს არ არის უბრალოდ საპარლამენტო ორგანო. ეს არის უმთავრესი ორგანო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებებს. გუშინ კიდევ კარგი, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ გაგვაფრთხილეს ძალიან მკაცრად. შემდეგი უკვე იქნება გადაწყვეტილება. იმ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შევცვლით და საქართველოს მრავალი წლით დავხევთ უკან. ჩვენ ახლა თავი კი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგადაა - ყველაფერი კარგად არ არის. საქართველო მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ ევროპისგან და ჩვენ, ყველამ ერთად, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პლატფორმაზე დგას, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინდელ სხდომაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში მონაწილე სახელმწფოების დემოკრატიის მდგომარეობა განიხილეს. ჩეხეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ისინი შეწუხებულები არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით, რაც ოპოზიციის სამართლებრივ დევნას ეხება.