არჩილ კბილაშვილი პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან სტრუქტურულ გამიჯვნას არ გამორიცხავს

არჩილ კბილაშვილი პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან სტრუქტურულ გამიჯვნას არ გამორიცხავს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, პროკურატურის სისტემის იუსტიციის სამინისტროსგან სტრუქტურულ გამიჯვნის არ გამორიცხავს. 

როგორც კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით მუშაობა წარიმართება, შესაძლებელია, ხელახლა გააზრებას დაექვემდებაროს პროკურატურის როლი და ადგილი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემაში".

რაც შეეხება "პროკურატურის შესახებ" კანონში უკვე ამოქმედებულ ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც პროკურატურის უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნა, კბილაშვილი ამ კონტექტში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგარმაზე ამახვილებს ყურადღებას.

"პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რჩება, მაგრამ იუსტიციის მინისტრი რაიმე საპროკურორო უფლებამოსილებას აღარ შეასრულებს. მთელი საპროკურორო ფუნქცია გადმოსულია მთავარ პროკურატურაზე, მთავარ პროკურორსა და მისდამი ქვემდებარე პროკურორებზე. იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ნორმატიულ-სამართლებრივი ფუნქციის შესრულების უფლება დარჩა, რაც მთავარ პროკურორთან თანამშრომლობის ფორმატში უნდა განახორციელოს. იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის ორგანიზაციულ მოწყობაში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ აღარ იქნება ამ სტრუქტურის მართვის მონაწილე. გარდამავალ ეტაპზე ასეთი მეთოდია შერჩეული. მომავალში, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით მუშაობა წარიმართება, შესაძლებელია, ხელახლა დაექვემდებაროს გააზრებას პროკურატურის როლი და ადგილი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემაში, მაგრამ ამ ეტაპზე მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება. "ქართულ ოცნების" პროგრამაში ჩადებული იყო, რომ უნდა მომხდარიყო პროკურატურის და საპროკურორო უფლებამოსილების იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფა და ეს გახორციელდა" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება ახლად ამოქმედებული კანონით მთავარი პროკურორისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც 15 დღის ვადაში მოადგილეებიდან საოლქო პროკურორების ჩათვლით, ხელახლა, ახალი წესით დანიშვნას ითვალისწინებს; როგორც კბილაშვილი განმარტავს, ეს იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ თუკი აქამდე აღნიშნულ თანამდებობის პირებს იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა, ახალი კანონით ეს ფუნქცია მთავარ პროკურორს დაეკისრა. კბილაშვილი არ აკონკრეტებს, დანიშვნის ახალი რეგულაციების გახორციელებას მოჰყვება თუ არა კონკრეტული საკადრო ცვლილებებიც.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, პირველი მოადგილის, მოადგილეების თუ თბილისისა და საოლქო პროკურორების ხელახლა დანიშვნის პროცესში, აპირებს თუ არა ამ თანამდებობებზე მოქმედი პროკურორების შეცვლას, კბილაშვილმა განაცხადა: - "რას ვაპირებ და როგორ ვაპირებ, ეს 15 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. წინასწარ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება და აზრების გამჟღავნება არ მევალება და არც მიზანშეწონილი იქნება".