კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს

კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სერიოზულად შეიზღუდოს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.

როგორც კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მას უკვე მომზადებული აქვს. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის პროდუქციის ერთ-ერთი წარმოჩინების გზა არის სატელევიზიო სერიალები.

"საქართველოში არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში. ვინაიდან რეალურად არ არსებობდა ამოქმედების მექანიზემბი, ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, კერძოდ,ეს ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების. გარკვეულწილად, მე ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე სხვა საშუალებებით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სატელევიზო სერიალებში ჩანს, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა" და ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, რაც არ არის მისაღები.

"მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა", ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა, ეს არ არის საქილიკო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.