პროკურატურებში დანიშვნების პროცესი უახლოეს ორ კვირაში უნდა განხორციელდეს

პროკურატურებში დანიშვნების პროცესი უახლოეს ორ კვირაში უნდა განხორციელდეს

პროკურატურის უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნა. "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ძალაში შევიდა საკანონმდებლო პაკეტი , რომელიც ამ მიმართულებით სისტემის მთლიანად რეფორმირებას ითვალისწინებს. ცვლილებების ძირითადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში პირველი პროკურორი იქნება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - მთავარი პროკურორი. 

პროკურატურის სისტემასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირდა იუსტიციის მინისტრის კომპეტენცია. ახალი კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრს პროკურატურასთან მიმართებაში შემდეგი უფლებამოსილებები მიენიჭა: მთავარი პროკურორის წარდგინებით ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას; კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის წარდგინებით, ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს; მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს; მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს; მთავარი პროკურორის წარდგინებით, გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ტრიბუნალებსა და არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფარგლებში პროკურატურის ორგანოსგან გამოითხოვს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალებს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრებსა და განცხადებებს.

იუსტიციის მინისტრი აღარ ჩაერევა პროკურატურის მიერ ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან და სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში. პროკურატურის სისტემის ორგანიზებაზე, საქმიანობაზე, საკადრო-თანამდებობრივ გადაწყვეტილებებზე მთლიანად მთავარი პროკურორი იქნება პასუხისმგებელი.

ამ კანონის სიახლეა ისიც, მის საფუძველზე პროკურორების ხელახალი დანიშვის პროცესი უნდა დაიწყოს. კერძოდ კი, კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისისა და საოლქო პროკურორები თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ ახალი კანონით დადგენილი წესით. ამ დანიშვნებამდე კი, აღნიშნული პირები ინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს და ახორციელებენ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

"პროკურატურის შესახებ" კანონში და სხვა მთელ რიგ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შევიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი განხილვის და დებატების საგანს წარმოადგენდა.

პაკეტის ავტორი და ინიციტორია დეპუტატი კობა დავითაშვილი.