თეა თუთბერიძე - ვანო მერაბიშვილი იმას იმკის, რაც წინა ხელისუფლებამ რეალურად შექმნა

თეა თუთბერიძე - ვანო მერაბიშვილი იმას იმკის, რაც წინა ხელისუფლებამ რეალურად შექმნა

"ვანო მერაბიშვილი იმკის იმას, რაც წინა ხელისუფლებამ რეალურად შექმნა", - ამის შესახებ თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეა თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუთბერიძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილისადმი წაყენებული ბრალი პოლიტიკურია და მას მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ხელწერა ეტყობა.

"რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან რომ გირგვლიანის საქმეში არ იქნებოდა დარღვევები ან არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მერაბიშვილისადმი წაყენებულ ბრალს ლაშა ნაცვლიშვილის ხელწერა ეტყობა. სამწუხაროა, ის რომ პროკურატურაში ბევრი არაკვალიფიციური კადრი მუშაობს. ზურაბ ადეიშვილის დროს, კონკრეტული საქმეების მიმართ არსებობდა ინტერესი ძალოვანების მხრიდან, გარკვეული მითითებების შემსრულებლები იყვნენ გამომძიებლები და პროკურორები და ეს დღემდე გრძელდება. ეს ბრალდებაც არის ძალიან ზოგადი. სხვა საკითხია, რის დამტკიცებას შეძლებს სასამართლოზე ბრალდების მხარე. პროკურატურის აღნიშნული ბრალდება არის პოლიტიზირებული კიდევ ერთი საქმე. ვანო მერაბიშვილი იმკის იმას, რაც წინა ხელისუფლებამ რეალურად შექმნა, იმ სისტემის შედეგებს, რომელიც შექმნა. მესმის, რომ გირგვლიანის საქმე არის საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ ამ ერთი ადამიანის და ერთი ოჯახის ტრაგედიით არ შეიძლება მუდმივად სპეკულაცია. დღემდე გრძელდება პოლიტიზების კონტექსტში გადაყვანა, ეს გვაფიქრებინებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას სჭირდება სხვა ადამიანების უბედურებაზე აგებული პოლიტიკა", - აცხადებს თუთბერიძე.

ამასთან, თუთბერიძე იხსენებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგისას მას საშუალება ჰქონდა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს შეხვედროდა.

"მე შევდიოდი მოულოდნელად და ერთხელ, ერთ-ერთმა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მითხრა, რომ გირგვლიანი არ მომიკლავს, მაგრამ აქედან რომ გავალ, სუბარს მოვკლავ იმ განხცადების გამო, რომელიც სუბარმა, სახალხო დამცველად მუშაობის დროს გააკეთა. სანამ გამოძიება დასრულდებოდა, ტელეეთერში მან ამ ადამიანებს მკვლელები უწოდა", – განცხადა თუთბერიძემ.