გირგვლიანის საქმეზე არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

გირგვლიანის საქმეზე არაერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

უახლოეს მომავალში გირგვლიანის საქმეზე დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ირაკლი ტყეშელაშვილმა ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენის თემაზე გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

ვანო მერაბიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, სანდრო გირგვლიანის ეპიზოდში ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურორმა ირაკლი ტყეშელაშვილმა აღნიშნა, 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რითაც მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა, გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში.

კერძოდ, პროკურორის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით, გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისთვის, ასევე, სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის.

"ზემოაღნიშნული ქმედებები ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით. საგულისხმოა ის გარემობა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა პროკურორმა.