ბიძინა ივანიშვილი ისრაელში საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ისრაელში საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელში ვიზიტს აგრძელებს. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გუშინ თელ-ავივში საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებს შეხვდა.

"სასტუმრო "ჰილტონში" გამართული შეხვედრა, რომელსაც ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო, თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ქართულ-ებრაული მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე და აღნიშნა, რომ გამოთქმა "ქართველი ებრაელი" სწორედ ამ მეგობრობის დასტურია", - განმარტავენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იერუსალიმის ძველი ქალაქი დაათვალიერა და გოდების კედელი მოინახულა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრა და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, იქამდე კი ივანიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის პრეზიდენტმა შინომ პერესმა მიიღო.

საქართველოს პრემიერი ისრაელში ვიზიტს დღეს დაასრულებს.