"ვასილ სანოძის კაბინეტში ე.წ. "დაკითხვა" თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე წარიმართა"

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, "2006 წლის 16 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის კაბინეტში ე.წ. "დაკითხვა" თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე წარიმართა.

ამის შესახებ საუბარია დადგენილებაში ივანე მერაბიშვილის ბრალდების შესახებ, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, მერაბიშვილმა მკვლელობიდან მე-2 დღესვე დადასტურებულად იცოდა, რომ დათა ახალაია გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ იგი დათა ახალაიასთან ერთად ეძებდა დანაშაულის დაფარვისა და მისი არასრული, „იძულებითი“ გახსნის გზებს.

ამასთან, მერაბიშვილს გამიზნული ჰქონდა, რომ საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურანტის და მათ შორის, საკუთარი მეუღლის დაკითხვა მისდამი დაქვემდებარებული უწყების შიგნით და პირადი კონტროლის ქვეშ მომხდარიყო.

"2006 წლის 16 თებერვალს შინაგან საქმეთა თბილისის მთ. სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი ამავე განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად მათთვის მიცემული დავალებისამებრ დაკითხვის საწარმოებლად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის კაბინეტში, რომელიც ამავე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს წარმოადგენდა. ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის, ა. კალანდაძის ე.წ. "დაკითხვა" განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის ერთობლივი მონაწილეობით და თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე. დაკითხვა წარმოებდა ერთმანეთის თანდასწრებით და დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა იქვე მყოფი საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე", - ნათქვამია ბრალის დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაუმძიმდა.