"შარდენ ბარში" ჩემთან მიმართებაში არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია და გირგვლიანი არც მინახავს"

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი მოწმის გურამ დონაძის განცხადებით, "შარდენ ბარში" მასთან მიმართებაში არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია და გირგვლიანი არც უნახავს. 

ამის შესახებ დონაძემ "ქრონიკისთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადა.

"გამოძიებას მივეცი ჩვენება. გავეცი პასუხი ყველა კითხვაზე, რაც აინტერესებდათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი იქ (სუფრასთან) მისვლის პერიოდში არანაირი ინცინდენტი ჩემთან მიმართებაში არ მომხდარა, ჩემთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია და ის ადამიანი მე საერთოდ არც კი მინახავს, არ მახსოვს მსგავსი რამ. ამის დადასტურება შეუძლია გამოძიებას, ამოიღოს მე რომელ საათზე მივედი და სამწუხაროდ, გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი რომელ საათზე წავიდა "შარდენ ბარიდან", - განაცხადა დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილის ბრალი დაუმძიმდა.