გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა

გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. 

"ის, რომ ბურჯანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ბრალდების ფორმულირებიდან ამოვიკითხე. ნინო ბურჯანაძე, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილმა მასთან საუბარში რამდენჯერმე განაცხადა იმის შესახებ, რომ გირგვლიანის მკვლელის ვინაობა მისთვის ცნობილი იყო", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე მის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანია და მის მიერ მიცემული ჩვენება სანდო და სარწმუნო ვერ იქნება. ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილის აზრით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ახალი ბრალი უკანონო და უსაფუძვლოა.

ამასთან, ჩივიაშვილის ინფორმაციით, პროკურატურის გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა მერაბიშვილისთვის ახალ ბრალზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას.