უახლოეს მომავალში გირგვლიანის საქმეში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

უახლოეს მომავალში გირგვლიანის საქმეში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

პროკურატურის ცნობით, უახლოეს მომავალში სანდრო გირგვლიანის საქმეში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ამის შესახებ დღეს მთავარი პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

სანდრო გირგვლიანის საქმის გამო შს ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ) დაუმძიმდა.

"დღეს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), რაც გამოიხატა მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით, გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის. ზემოაღნიშნული ქმედებები ივ. მერაბიშვილმა ჩაიდინა პირადი მოტივებით. საგულისხმოა ის გარემობა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვისას ივ. მერაბიშვილმა გამოიყენა მოწმის უფლება და არ მისცა ჩვენება საკუთარი თავისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ", - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება ამ დანაშაულში მონაწილე არაერთი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.