სოზარ სუბარი:

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" წამების გამოძიებაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც ამაზე ორი ომბუდსმენი საუბრობდა

"ნაციონალურ მოძრაობას" წამების გამოძიებაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როდესაც ორი ომბუდსმენი და ელენე თევდორაძე ადამიანების წამებაზე საუბრობდნენ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს უმცირესობის წარმომადგენელბის მოთხოვნის საპასუხოდ განუცხადა. უმცირესობის წევრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც წამების ამსახველი ვიდეომასალების შესწავლას და გამოძიებას უზრუნველყოფს. 

სოზარ სუბარის თქმით, "ნაციონალურ მოძრობას" აღნიშული მოთხოვნით სურს, რომ თავიანთი თანამოაზრეების დანაშაული დაფარონ.

"ვიდეომასალებზე აღბეჭდილი ადამიანები არიან ისინი, რომელთა დასჯასაც წლების განმავლობაში ვითხოვდით. არ ყოფილა საპარლამენტო მოხსენება, რომ არ დამესახელებინა მეგის ქარდავას გვარი. ელენე თევდორაძე, რომელიც უმრავლესობის წევრი იყო, მეგის ქარდავას დანაშაულზე ხშირად ლაპარაკობდა. ჩემს შემდგომი ომბუდსმენის მოხსენებაშიც არიან ხსენებული ეს ადამიანები, როგორც მწამებლები. არც ერთხელ, მაშინ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, უმრავლესობას ყური არ გაუბარტყუნებია. ახლა კი სურთ, რომ დამალონ თავიანთი თანამოაზრეების დანაშაული, რაც არ გამოუვათ. ვინც აღმოაჩინა ეს სამალავები, ისინი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ. თვითონ თუ უნდათ ამის გამოძიება, როცა ვითხოვდი, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, გირგვლიანთან დაკავშირებით, ასევე საკნებში აღმოჩენილ შიშველ პატიმრებთან დაკავშირებით, მაშინ უნდა შეექმნათ საგამოძიებო კომისია და გამოეძიებინათ ეს ყველაფერი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.