"ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ მის წასვლაზე საუბარი ნაადრევია

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ მის წასვლაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. 

სუბარის თქმით, მას ეს ივანიშვილისთვის არაერთხელ აქვს ნათქვამი, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია სტაბილური იქნება და მის წასვლას წინ არაფერი დაუდგება.

ამასთან, სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი დარჩება კოალიციაში და გუნდს უხელმძღვანელებს.

"ჩვენ ვეუბნებით, რომ ჯერ მის წასვლაზე საუბარი ნაადრევია, თვითონ კი ამბობს, რომ თქვენ თვითონ ნახავთ, წლის ბოლოს სიტუაცია ისე იქნება დასტაბილურებული, რომ ჩემს წასვლას წინ არაფერი დაუდგებაო. მე იმედი მაქვს, რომ იგი დარჩება გუნდში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ამაზე საუბარი ნაადრევია.