ჟან კლოდ მინიონი:  საქართველოსთვის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუციების ტესტი იქნება

ჟან კლოდ მინიონი: საქართველოსთვის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუციების ტესტი იქნება

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხული პლენარული სესია ჟან კლოდ მინიონის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. როგორც მინიონმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა იმუშაოს ევროპის მასშტაბით დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის. 

მისივე თქმით, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინისთვის გასამართი ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებების მხრივ.

"ამ ქვეყნებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტი ევროპული პერსპექტივისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მინიონის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის შემოდგომით გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუციების ლაკმუსის ტესტი იქნება.

"ბაქოსა და თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტისას ამ ქვეყნების ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდე, რომ უზრუნველყონ საპრეზიდენტო არჩევნების პლურალისტურ კონტექსტში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. დღეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მივიჩნევ, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა ერთობლივი ძალისმხევა უნდა გამოიჩინონ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, რათა ამის საშუალებით მათ არჩევნებისთვის სათანადო პირობებში მომზადების საშუალება მივცეთ", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა.