"საიდუმლო სამალავების შესახებ ძველმა ხელისუფლებამ ახალს სრული ინფორმაცია გადასცა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, "საიდუმლო სამალავების შესახებ ძველმა ხელისუფლებამ ახალს სრული ინფორმაცია გადასცა".

ამის შესახებ მალაშხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"ამ თემაზე საპარლამენტო არჩევნებამდე საუბრობდა ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი ირაკლი ალასანია, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამაზე აღარაფერი უთქვამს. ალასანიას გადაეცა სრული ინფორმაცია მსგავს სამალავებთან დაკავშირებით. სამინისტრომ ყველა მონაცემი გადასცა ახალ ხელისუფლებას’’, - აღნიშნა მალაშხიამ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სამალავებისა და მასში აღმოჩენილი ნივთმტკიცებების შესწავლის მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ეს ყველაფერი ღია რეჟიმში უნდა იყოს განხილული. ამასთან, მალაშხიას ეჭვი ეპარება, რომ აღნიშნულ სამალავებში ნარკოტიკული ნივთიერებები და ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალები იყო შენახული.