"ივანიშვილი ცდილობს, სიტუაციას გაეცალოს და საკუთარი კაპიტალი და ოჯახი გადაარჩინოს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შოთა მალაშხიას განცხადებით, "ივანიშვილი ცდილობს, სიტუაციას გაეცალოს და საკუთარი კაპიტალი და ოჯახი გადაარჩინოს".

ამის შესახებ მალაშხიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ესტონური გამოცემისთთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ საუბრობს.

"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ხელისუფლება საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, სრულ იზოლაციაშია, რუსეთთან ურთიერთობაში კი სრული კრახი განიცადა. "ქართული ოცნების" პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით შედეგი არ მოიტანა და ის ოკუპაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ურთიერთობების ონიშჩენკოსა და მაქსიმუმ, კარასინის დონეზე მიმდინარეობს. მძიმე ვითარებაა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ბიუჯეტში თანხმების გადარიცხვას 3 თვით ადრე ითხოვენ. უკვე ყალიბდება კორუფციული სქემები. არსებობს, ასევე, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ამ ყველაფერს ხედავს დიდი კაპიტალის პატრონი პრემიერ-მინისტრი და ცდილობს, გაეცალოს ამ სიტუაციას და საკუთარი კაპიტალი და ოჯახი გადაარჩინოს", - განაცხადა მალაშხიამ.