"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საბჭომ" საქართველოს 140 მილიონი დოლარის ხუთწლიანი გრანტი დაუმტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საბჭომ" საქართველოს 140 მილიონი დოლარის მოცულობის ხუთწლიანი კომპაქტი დაუმტკიცა. შესაბამისი კომპაქტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს გაიმართა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ხუთწლიანი კომპაქტი მიზნად ისახავს მეცნიერების და ტექნოლოგიური განათლების ინვესტირების გზით ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის განვითარებას.

"მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომლებიც მრავალი წელია ზრუნავენ, რათა საქართველო განვითარდეს, როგორც დემოკრატიული და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მქონე ქვეყანა. ესაა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროცესის განვითარების თვალსაზრისით. 140 მილიონი მიმართული იქნება ქართული საგანმანათლებლო სივრცის თანამედროვე დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანისკენ", - განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა.

უფრო კონკრეტულად, კომპაქტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2013 წლის ზაფხულში შედგება 3 პროექტისგან: ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი – მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სკოლების რეაბილიტაციის, პედაგოგთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადების გზით და საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერას. მეორე, სამრეწველო უნარჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი – მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებით. შთემ-ის უმაღლესი განათლების პროექტი, რომლის მიზანია, ერთი ან მეტი ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორების მოზიდვა მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკური განათლების მოდერნიზების მიზნით და მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობის გაზრდასა და განვითარებას.

როგორც ცნობილია "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საბჭომ" 2011 წლის იანვარში საქართველო აირჩია მეორე კომპაქტის განვითარებაზე უფლებამოსილად. ქვეყანამ 2011 წლის აპრილში ხუთწლიანი 395,3 მილიონი დოლარის მოცულობის კომპაქტი წარმატებით დაასრულა.