"დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს ყველაფერი განათლებით იწყება"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს ყველაფერი განათლებით იწყება.

ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" აშშ-ის მთავრობის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოსთვის 140 მილიონი დოლარის მოცულობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული თანხა საგანმანათლებლო სისტემაში ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის გაზრდას მოხმარდება.

"ეს ღონისძიება ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საქართველოში საუბრები მიმდინარეობს იმის შესახებ, დატოვებს თუ არა ლიდერი პოლიტიკას. ეს ღონისძიება ემსახურება ინსტიტუტების გაძლიერებას და მშენებლობას. დემოკრატიული ინსიტიტუტების გაძლიერება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს ყველაფერი განათლებით იწყება. "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" კომპაქტის შედეგად საქართველოში უნივერსიტეტებისა და ზოგადად განათლების ხელშეწყობა მოხდება, რაც თავის მხრივ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ნორლანდმა.