"სამალავებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებები შესაძლოა, ბრალის ირიბ აღიარებად იქნას აღქმული"

პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, შს ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, სამალავებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები შესაძლოა, ბრალის ირიბ აღიარებად იქნას აღქმული.

ამის შესახებ ნარჩემაშვილმა, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, "იარაღის საწყობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მისი დავალებით შეიქმნა”.

"შსს-ს მიერ ბოლო დროს აღმოჩენილი სამალავები უკანასკნელი არ არის. ჩემი ვარაუდით, ასეთები კიდევ აღმოჩნდება. მე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა მსხვილი საბაზისო სამალავი, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ადგილებში გაიშალა. ასეთი საბაზო სამალავი იყო აჭარის რეგიონში, რადგან აჭარა მეტნაკლებად გარესაფრთხეებისგან დაცული იყო. სწორედ აქედან მოხდა მერე გადანაწილება სხვადასხვა ადგილებზე. რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებს, ის პირველი ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განიცადა მარცხი, თვლიდნენ, რომ მათი მაკომპრომეტირებელი მასალა იქ უფრო დაცული იქნებოდა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი სამალავები მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიულ საფუძველზე უნდა შეიქმნას და ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობდეს.

"თუკი ამდაგვარი დოკუმენტაცია არ არსებობდა, ან ამის შესახებ ახალი ხელისუფლება ინფორმირებული არ იყო, მაშინ საქმე გვაქვს დანაშაულთან", - აღნიშნა ნარჩემაშვილმა და დასძინა, რომ მისი მინისტობის პერიოდში მსგავსი სამალავები არ არსებობდა.