ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ საქართველოს თემაზე "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) მიერ შეთავაზებული წინადადება არ გაიზიარა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა აცნობა, ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებულ დებატების თემას სახელწოდება შეუცვალა და მას ეწოდება არა დებატები "საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ", როგორც ამას EPP-ი ითხოვდა, არამედ - ”დებატები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ”.
"EPP-ის მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო დებატები საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ამაზე ბიურომ უარი თქვა და ახლა არის დებატები საქართველოში მდგომარეობის შესახებ. წინასწარი ვერდიქტი, რომელიც EPP-ს უკვე გამოტანილი აქვს და, როგორც ჩანს, დებატები არ აინტერესებს, ბიურომ არ მიიღო" , - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.
ამასთან, დღის წესრიგი ჯერ დამტკიცებული არ არის და სესია დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.
გარდა ამისა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში შევა განახლებული საინფორმაციო ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.