საგარეო უწყება:  პაკისტანში მყოფი ქართველი მთამსვლელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საგარეო უწყება: პაკისტანში მყოფი ქართველი მთამსვლელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პაკისტანში მყოფ ქართველ ალპინისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

"პაკისტანში სამწუხარო ფაქტი მოხდა. გამოჩნდა, რომ ტერორისტებისთვის არ არსებობს არც მშვიდობიანი, არც სხვა სახის პროფესიის ადამიანები. მათ არ გააჩნიათ ბარიერი თავისი ქმედების კუთხით", -განაცხადა ჯალაღანიამ.

რაც შეეხება ქართველ მთამსვლელებს - აფი გიგანს და ბიძინა გუჯაბიძეს, ჯალაღანიას თქმით, უწყებას აქვს კონტაქტი მათ ახლობლებთან და იციან, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა მთამსვლელი უკან ბრუნდება და ჩვენც ველოდებით ჩვენი მთამსვლელების მშვიდობიანად და ჯანმრთელად დაბრუნებას", - განაცხადა ჯალაღანიამ. 

პაკისტანში შეირაღებულმა ბოევიკებმა ალპინისტები გუშინ ჩაცხრილეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეირაღებული ბოროტმოქმედები პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, ალპინისტების ბანაკს დაესხნენ თავს. მოკლულია 9 ალპინისტი და ერთი გიდი. დაღუპულთა შორის 5 უკრაინის მოქალაქეა, 3-ჩინეთის, 1 - ლიტველია, ხოლო ერთი ადგილობრივი გიდი იყო.
ქართველი ალპინისტები იმავე რეგიონში, თუმცა სხვა ბანაკში იმყოფებოდნენ. ალპინისტები პაკისტანში ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალის, ნანგა-პარბატის დასალაშქრად იყვნენ ჩასულები.
როგორც "პაკისტანის მოძრაობა თალიბანის" წევრებმა განაცხადეს, თავდასხმის უკან თალიბები დგანან. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ასევე აიღო სუნიტურმა დაჯგუფებამ "ჯუნდულახმა".