ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიას დაესწრება

ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიას დაესწრება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატოს ელჩები ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონიას დაესწრებიან, - ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში 26-27 ივნისს არის დაგეგმილი. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს. ალიანსის 28 წევრი ქვეყნის ელჩი და გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. ნატოს წევრი ქვეყნის ელჩები ასევე შეხვდებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებს.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე.