დავით ჯალაღანია:  ბიძინა ივანიშვილის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ისრაელში უდიდესი მნიშვნელობის არის

დავით ჯალაღანია: ბიძინა ივანიშვილის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ისრაელში უდიდესი მნიშვნელობის არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ისრაელში უდიდესი მნიშვნელობის არის , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი ორდღიანია და ის დღეს და ხვალ გაიმართება. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

"ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისრაელსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ურთიერთსასარგებლო და მეგობრული კავშირების გამტკიცებასა და თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე აყვანის საქმეში", - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდება. ასევე, შეხვედრები გაიმერთება ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ისრაელის ქნესეთის სპიკერთან და ქნესეთის წევრებთან. დელეგაცია ეწვევა იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს მესამესთან შეხვედრას გამართავს.

როგორც ჯალაღანიამ განაცხადა, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება 2013-2015 წლებისთვის ისრაელსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი, მაია ფანჯიკიძე, ხოლო ისრაელის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ვეევ ელკინი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება.