ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი რუსეთს დღეს დატოვებს და იქიდან ჯერ კუბაში გაფრინდება, შემდეგ ეკვადორს სთხოვს თავშესაფარს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
აშშ-ის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის მთავრობისგან მოელის, რომ "ყველა არსებულ შესაძლებლობას" განიხილავს და სნოუდენს აშშ-ს გადასცემს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ ამის საფუძველი არა აქვს.
ედვარდ სნოუდენი რუსეთში ჰონგ კონგიდან ჩავიდა და აშშ-ის საიდუმლო ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
აშშ-ში მას ბრალი სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში, მთავრობის საკუთრების მოპარვასა და გასაიდუმლოებული ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში წაუყენეს.
ვაშინგტონმა ჰონგ კონგს დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის ექსტრადირება სთხოვა. თუმცა, ჰონგ კონგმა სნოუდენი აშშ-ს არ გადასცა და მას მოსკოვში ჩაფრენის საშუალება მისცა.