ფარული ჩანაწერების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მზადდება

ფარული ჩანაწერების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მზადდება

უკანონოდ გადაღებულ ფარულ ჩანაწერებზე ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა , კახა კახიშვილმა განუცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფოკუს ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა იმის შესახებ, თუ ვის მიმართ რამდენი ფაილი არსებობს, რამდენი ჩანაწერია პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და სხვა პროფესიის პირებთან მიმართებაში.

"ეს ნიშნავს იმას, რომ 12 888 ფაილის შესახებ გაკეთდება ცნობა, რომ მაგალითად 300 ფაილი იყო პოლიტიკოსებზე და ასახავდა თვალთვალს პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე, იყო 200 სატელეფონო მოსმენა, პირობითად 300 მასალა იყო ჟურნალისტებზე, მაგალითაც არსებობდა 100 სქესობრივი აქტის ამსახველი მასალა, ოღონდ გვარებისა და სახელების მითითების გარეშე. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით ვიცოდეთ, ვის მიმართულებით იყო უფრო მეტი დაინტერესება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და ვის უფრო ინტენსიურად აკვირდებოდნენ", - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტი კოდრებული სახით შემდეგ ალბათ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

როგორც მან აღნიშნა, არასერიოზულია იმის თქმა, რომ ეს ფირები არავის ჰქონდეს ნანახი, შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება ადამიანი, რომელიც ამ ფირებს ნახავდა. კახიშვილი ვერ აკონკრეტებს, შს სამინისტროში ზუსტად რამდენ პირს შეიძლება ფარული ჩანაწერები ჰქონდეს ნანახი.

რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა მასალა თავად კომისიის წევრებს ნანახი, მისი ინფორმაციით, კომისიის წევრებს ჩანაწერები არ უნახავთ, თუმცა როდესაც ანალიტიკური დოკუმენტი შემუშავდება, შეიძლება კომისიის წევრებს ჰქონდეთ საშუალება, რომელიმე მასალას გაეცნონ, ოღონდ დაშტრიხული სახით და სახეები აბსოლუტურად დაფარული იქნება.

ამასთან, კახა კახიშვილი არ ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ყველა იმ პირს, რომელზეც ფარული მასალები არსებობს და უთხრას, რომ მის შესახებ ასეთი ჩანაწერი არსებობს.

"ეს არასწორი იქნება, რადგან სამწუხაროდ, საზოგადოების აზრი ფორმირებულია, რომ ამ 12 888 მასალაში მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ხასიათის მასალებია. არაბუნებრივია და ახლა წარმოიდგინეთ, რომ შინაგან სასქმეთა სამინისტრომ დაიწყოს წერილების გაგზავნა, რომ შენზე მასალაა, ვიღაცეები იფიქრებენ, რომ სექსუალური სახის მასალაა და ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს", - მიაჩნია კახიშვილს.

ამავდროულად, მისივე განმარტებით, თუ კონკრეტულად რომელიმე ადამიანს თვითონ აინტერესებს, არის თუ არა მასზე ფარული ჩანაწერი, უფლება აქვს, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით და კითხოს, არის თუ არა მასზე მასალა და თუ განადგურდა ის.

ამასთან, კახიშვილი არ ფიქრობს, რომ პირმა მის შესახებ მასალის არსებობის შემთხვევაში ჩანაწერი უნდა ნახოს.

"თუ გამოძიების ფარგლებში საჭირო გახდა, რომ ამ ადამიანმა ნახოს მასალა, თვითონ გამომძიებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც კომისია და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს გამომძიებლის გადასაწყვეტი იქნება", - დასძინა მან.