ბიძინა ივანიშვილი - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება

ბიძინა ივანიშვილი - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება, - ასე გამოეხმაურა პრემიერი ესტონული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობიდან მისი წასვლის თაობაზე საუბრობს.
ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დარჩება შეკითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობიდან მისი წასვლით მთავრობის ან ქვეყნის განვითარებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ის არსად წავა. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება მთავრობიდან საზოგადოებრივ სექტორში მის გადანაცვლებაზე გაამახვილა და ამის საჭიროებაზე ისაუბრა.

"მე მსგავსი განცხადებები ბევრჯერ გამიკეთებია. თუ გახსოვთ ჩემს პირველ წერილში, პირველ განცხადებაში ვამბობდი, რომ პოლიტიკაში ორიდან სამ წლამდე დავრჩებოდი. იქვე იმასაც განვმარტავდი, რომ არ ვაპირებდი ქვეყნიდან წასვლას. მინდა საზოგადოება დავაწყნარო და ვუთხრა, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლა არ ნიშნავს ქვეყნიდან ჩემს წასვლას და იმას, რომ გავურბივარ სირთულეებს, პასუხისმგებლობას და ჩემს დაპირებებს. პოლიტიკადან ჩემი წასვლა, იმ შემთხვევაში მოხდება, როცა აღარ იქნება საჭიროება მთავრობაში ჩემი ყოფნის და საჭირო იქნება უფრო რთულ პროცესებში ჩართვა, რასაც საზოგადოების განვითარება ჰქვია. მთავრობა, მისი შტოები, პარლამენტი, სასამართლო - ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოების ნაწილი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მარტო მთავრობის – საზოგადოების ამ ერთი ნაწილის განვითარებით ვერ შევძლებთ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება საზოგადოების განვითარებას მოვახმარო.

ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად, რომ ჩემი წასვლით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლუსი იქნება იმაში, რომ პოლიტიკიდან გავალ, მაგრამ თუ დარჩება კითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობას ან ქვეყნის განვითარებას პოლიტიკიდან ჩემი წასვლით რაიმე დაემუქრება, რა თქმა უნდა არსად წავალ. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას ჩემი დახმარება აღარ დასჭირდება. უფრო საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება და გააქტიურება და ჩემი გადასვლა საზოგადოებრივ სექტორში. აქ ვიქნები მე თავდაუზოგავი! მთავრობიდან ჩემი წასვლა ნიშნავს უფრო მარტივი ადგილიდან რთულ ადგილზე გადანაცვლებას", _ აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის წერილობითი განმარტების გაკეთებასაც აპირებს.