საქალაქო სასამართლოს განცხადება

საქალაქო სასამართლოს განცხადება

წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში 9 ბრალდებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ცხრა ბრალდებულის (გურამ ჭითანავას, მარლეს ხვიტიას, ირაკლი ახალაიას, გოჩა შონიას, გიორგი ბულიას, პაატა ქირიას, კობა თოდუას, რუსლან შამახიას და თემურ უბირიას) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ბრალდებულმა პაატა ქირიამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც შუამდგომლობის განხილვა წარიმართა პ. ქირიას დაუსწრებლად, მისი ადვოკატის მონაწილეობით.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ, პროცესის მონაწილეთა პირადი საიდუმლოების დაცვის მიზნით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ყველა ბრალდებულს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით; გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ წამება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: ბრალდებულებს ბრალად ედებათ განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი ვადით, შესაბამისად, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა ბრალდებულებმა თავი აარიდონ პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოცხადებას. სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხი და მიიჩნია, რომ ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 13 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში", - აღნიშნულია განცხადებაში.