ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, რომ სასამრთლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველა პირის მიმართ პატიმრობა შეეფარდებინა.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე, გარდა ერთ-ერთი ბრალდებულის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, კობა თოდუას ადვოკატისა, ითხოვდა, რომ დაკავებულების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად განესაზღვრად გირაო, თუმცა მოსამრთლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კობა თოდუას ადვოკატს, იგი ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც პროკურორის თქმით, ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ აღნიშნული პირები დანაშაულში მონაწილეობდნენ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. პროკურორი ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ ფარულ ვიდეოებზე ასახულ წამებასა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სხვა პირებიც დააკაონ. შეკითხვაზე - იგეგმება თუ არა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასთვის ბრალის დამძიმება, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალი დაუმძიმდებათ არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა იმ პირს, ვის მიმართაც გამოძიების პროცესში კიდევ სხვა დანაშაული გამოიკვეთება.

"ბრალდების დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ ყველა დაკავებული პირის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ დანაშაულში სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს", - აღნიშნა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

დღევანდელ სასამრთლო პროცესს ცხრა ბრალდებულიდან რვა ესწრებოდა. პროცესზე თვითდაზიანებების მიყენების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაატა ქირია არ იმყოფებოდა და მის ინტერსებს ადვოკატი გიორგი ონიანი იცავდა.

შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია და რუსლან შამახია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია და თემურ უბირია კი, რომლებსაც ბრალად წამება და თავისუფლების აღკვეთა ედებათ, პროცესს დაესწრნენ. აღმკვეთ ღნისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მედიის წარმომადგენლებისთვის დასაწყისში ღია იყო, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლემ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოაცხადა.