ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას ითხოვს

ნინო ბურჯანაძე "ნაციონალურ მოძრაობას" დანაშაულებრივ ორგანიზაციას უწოდებს და მის აკრძალვას ითხოვს. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეძრწუნებულია შს სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრიდან მიღებული ინფორმაციით. ნინო ბურჯანაძის აზრით, კამათი იმაზე, სახეზეა თუ არა სისტემური დანაშაული, საზოგადოების შეურაცხყოფა და შეცდომაში შეყვანა. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, საზოგადოებამ ბევრი მაგალითი ნახა და საკუთარ თავზეც იწვნია ის, რომ ქვეყანაში სისტემური დანაშაული არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ის უნდა აიკრძალოს. უნდა დადგეს მისი პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და აკრძალვის საკითხი. უნდა გასამართლდნენ დანაშაულის არა კონკრეტული შემსრულებლები, არამედ ორგანიზატორები იდეოლოგიური საფუძვლის და ასეთი ვერტიკალის შემქნელები, რომლებიც სრულყოფილი გამოძიების შედეგად გამოვლინდებიან. დარწმუნებული ვარ დანაშაულებრივი კვალი მიხეილ სააკაშვილამდე მის უახლოეს გარემოცვამდე მივა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს კი, რომლებიც, ბურჯანაძის შეფასებით, სისტემური დანაშაულის ერთეულ შემთხვევებად წარმოჩენას ცდილობენ, პოლიტიკური პასუხისმგელობა უნდა დაეკისროს და სულ მცირე გარკვეული პერიოდით პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ.

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებისგან მოითხოვს ბოლომდე მივიდეს გამოძიება და დასრულდეს დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია.

"დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის რეალური პროცესი. ეს სრულიად საქართველოს მოთხოვნაა, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის ნაცვლად უნდა დაიწყოს დენაციფიკაციის პროცესი ანუ "ნაციონალური მოძრაობისგან" გათავისუფლების პროცესი. იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური დენაციფიკაცია, ხელისუფლებას ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს, უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას დენაციფიკაციისა და "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მახინჯი სისტემები მომავალში აღარ შეიქმნას.