თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერების დახარისხების აუცილებლობაზე საუბრობს

თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერების დახარისხების აუცილებლობაზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი ფარული ჩანაწერების დახარისხების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, მისთვის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა მნიშვნელოვანია დახარისხდეს და სწორად შეირჩეს ის ჩანაწერები, რომლებიც შეიძლება განადგურდეს, ან რომელთა განადგურებაც ამ ეტაპზე არ შეიძლებოდა.

"ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სამალავში აღმოჩენილი კადრები ვერ განადგურდება, რადგან ჯერ საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ არის ისეთი ჩანაწერებიც, რომლებზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებია. ამ კადრებს, ალბათ, ჯერ დახარისხება სჭირდება, ვიდრე მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა დღეს შს სამინისტროში გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, კადრები განადგურდება, თუმცა მისი თარიღი მას შემდეგ დაზუსტდება რაც ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები დიპლომატიურ კორპუსთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართება.